logo
ENG



სიმონიშვილი: "სამართლებრივი ნონსენსია", რომ ჩვენი სარჩელი არჩევნებს საფრთხეს შეუქმნის

19 სექ 202115:54
3 წუთის საკითხავი
 
სიმონიშვილი: "სამართლებრივი ნონსენსია", რომ ჩვენი სარჩელი არჩევნებს საფრთხეს შეუქმნის

საია-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება - ქართული ოცნების თავმჯდომარემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ბრალი "რევოლუციურ სცენარში" დასდო, მიზეზად კი ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელი დაასახელა. 

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. საია განმარტავს, რომ მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა ხმას მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით მაღალი წონა აქვს, რაც საარჩევნო და თანასწორობის უფლებას არღვევს. 

კობახიძეს სწორედ ამ სარჩელს აკრიტიკებს და მის უკან ენმ-ს და პოლიტიკურ მოტივს ხედავს. მისი აზრით, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მსგავსი დავის დაწყება არჩევნების ჩაშლას ისახავს მიზნად. 

ნიკა სიმონიშვილის თქმით, საიას არასდროს არ ჰქონია პოლიტიკური ინტერესი ან რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის მხარდაჭერის გამოცხადების განზრახვა, "რაც მმართველ გუნდშიც ძალიან კარგად იციან". 

რაც შეეხება სარჩელს, სიმონიშვილის განმარტებით, მისი შეტანა გადაწყდა, ვინაიდან მაჟორიტარული საზღვრების ეს მოცემულობა, რომელსაც არაკონსტიტუციურად და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, კანონში მესამე მოსმენისას გაჩნდა, როდესაც საია პროცესში აღარ მონაწილეობდა. 

"შესაბამისად, გავლენასაც ვერ მოვახდენდით. ამდენად, არასწორია, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობდით ამ საზღვრების პროცესში.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელში არ დაგვიყენებია ნორმის შეჩერების მოთხოვნა და არც იმაზე ვუთითებთ, რომ ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის იდენტური შინაარსის მატარებელია, რის გამოც, სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე შეიძლება გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად (თუ, რა თქმა უნდა, სასამართლო თვითონ არ მიიჩნევს ამას ასე).

ამდენად, სასამართლოსთვის კანონით მიცემული ვადისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს საქმე არჩევნებამდე არსებითად ვერ იქნება გადაწყვეტილი და ვერც ახლო მომავალში, ხოლო სასამართლოს მიერ ჩვენი სარჩელის საფუძველზე შემდგომ გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას ამ არჩევნების შედეგებზე, ისევე, როგორც ეს მოხდა პარლამენტის ძველი მაჟორიტარული საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობისას.

ბატონი კობახიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "სამართლებრივი ნონსენსია" ის, რომ ჩვენმა სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს და სანამ ასეთ დასკვნებს გამოიტანენ მმართველ გუნდში, ჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები". - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. 

მისივე განცხადებით, საია-ს სარჩელის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი. 


close დახურვა